Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ საუნივერსიტეტთაშორისო ტრანსლაციური ნეირომეცნიერების ლაბორატორია გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრანსლაციური ნეირომეცნიერების თანამედროვედ აღჭურვილი საუნივერსიტეტთაშორისო სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია („ჰაბი“) გაიხსნა, რომელიც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ მკვლევრებს, სტუდენტებთან ერთად იკვლიონ ნერვული სისტემის უჯრედული და მოლეკულური მექანიზმების სხვადასხვა ასპექტები.

 

ლაბორატორია შეიქმნა CIF საგრანტო პროექტის „თანამედროვე ტრანსლაციური ნეირომეცნიერების პროგრამის შემუშავება და დანერგვა საქართველოს უნივერსიტეტებში უმაღლესი სამედიცინო განათლების სრულყოფის მიზნით“ ფარგლებში. საუნივერსიტეტთაშორისო ჰაბი მოიცავს 3 უნივერსიტეტს: თსუ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.

 

პროექტის ფარგლებში კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტებისთვის ასევე მომზადდა საუნივერსიტეტთაშორისო სტრუქტურული სადოქტორო პროგრამა  „ტრანსლაციური ნეირომეცნიერება“ უცხოელი ექსპერტების - პროფესორ ზაალ კოკაიას (ლუნდის უნივერსიტეტი, შვედეთი) და პროფესორ სააკ ვ. ოვსეპიანის (გრინვიჩის უნივერსიტეტი, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო) ხელშეწყობით. სადოქტორო პროგრამის აკრედიტაციის შემდეგ დოქტორანტები იმუშავებენ ქართველი და უცხოელი თანახელმძღვანელების მეთვალყურეობით.

 

ლაბორატორიის გახსნის ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი მაია ბიწკინაშვილი,  პროექტის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო  I2Q (WB)” აღმასრულებელი დირექტორი თამარ სანიკიძე, პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები ესწრებოდნენ.

 

პროექტის ხელმძღვანელის, თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ დიმიტრი კორძაიას თქმით, თსუ-ის ბაზაზე არსებულ ტრანსლაციური ნეირომეცნიერების სასწავლო-კვლევით ლაბორატორიაში პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდება არა მხოლოდ თსუ-ის სტუდენტებისთვის, არამედ პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. „პროექტის მიზანია საგანმანათლებლო პროგრამის განვითარება, რაც გულისხმობს ნეირობიოლოგიური უახლესი კვლევითი ტექნოლოგიების და ციფრული ინსტრუმენტების ინტეგრაციას სასწავლო პროცესში. დიმიტრი კორძაიამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გრინვიჩის უნივერსიტეტის პროფესორს, სააკ ოვსეპიანს ჩატარებული ლექციების და ტრენინგების კურსისთვის და აღნიშნა, რომ მასთან ერთად გაგრძელდება მცდელობა, რომ პროექტის ფარგლებში შემუშავებული სადოქტორო პროგრამა გახდეს საერთაშორისო, ხოლო სტუდენტებს მიეცეთ გრინვიჩის უნივერსიტეტში სტაჟირების შესაძლებლობა.  

 

„ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველოს  I2Q (WB)” აღმასრულებელი დირექტორის თამარ სანიკიძის ინფორმაციით, პროექტს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. „ეს პროექტი არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება დაეხმარო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომ სწავლა გახდეს ხარისხიანი, კვლევა გახდეს საინტერესო და ამ პროცესში გამოყენებული იყოს უახლესი ტექნოლოგიები“,- განაცხადა თამარ სანიკიძემ.

 

ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის და თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.

თარიღი: 16/06/2025